ახალი ამბები
მთავრობა ავტოსადგურების სერტიფიცირებას და საქალაქთაშორისო მგზავრობის რეგულირებას გეგმავს
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით,  „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები  მზადაა და ის რამდენიმე პუნქტს ითვალისწინებს. როგორც მინისტრმა მთავრობის სსხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, პაკეტი ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმების ფარგლებში შემუშავდა.

დავითაშვილის განმარტებით, რეფორმა გულისხმობს ავტოსადგურების სერტიფიცირებას, ასევე სამგზავრო ტრანსპორტისთვის უსაფრთხოებისა და კომფორტის მოთხოვნების განსაზღვრას.

„კანონპროექტი ითვალისწინებს შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწასა და ავტოსადგურების სერტიფიცირებას – სახმელეთო სააგენტოს მიერ. დღეს ქვეყანაში უამრავი ავტოსადგური არსებობს, რომელიც არანაირ წესებში არ არის მოქცეული, არანაირი სტანდარტი არ არის დაცული და სამწუხაროდ, ხარისხი არის ძალიან დაბალი. ეს ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც აისახება, ტურისტებზეც და რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები არც ისე კომფორტულ პირობებში სარგებლობენ შიდა საქალაქთაშორისო თუ საერთაშორისო გადაზიდვებით,“- განაცხადა მინისტრმა.

პროექტის შესაბამისად, განისაზღვრება პირველი, მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურები. დიდ ქალაქებში პირველი კლასის ავტოსადგურები მოეწყობა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს, პატარა მუნიციპალიტეტების ავტოსადგომები კი თანამედროვე ვიზუალის, კომფორტისა და უსაფრთხოების მინიმალურ პირობებს უნდა ითვალისწინებდეს.

მთავრობა სერტიფიცირების წესებს შეიმუშავებს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტები მათსავე ტერიტორიაზე ავტოსადგურის მიზანშეწონილობას განსაზღვრავენ და უფლებამოსილებები დაეკისრებათ.

"ავტოსადგურები მოწესრიგდება საერთაშორისო, თანამედროვე, ცივილიზებული პრინციპების შესაბამისად, სტანდარტებში მოექცევა. ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და გადამზიდავი კომპანიები სერტიფიცირებულნი იქნებიან, სანებართვო წესებს დაექვემდებარებიან და მათაც უნდა დააკმაყოფილონ მინიმალური სტანდარტები, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების, ასევე მომსახურების. იგივე ბილეთების სისტემა იქნება მკაფიო, გამჭვირვალე, და ელექტრონული,“ – დასძინა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, რეფორმა ბილეთების გაძვირებას არ გამოიწვევს და პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის. რაც შეეხება ვადებს, მინისტრის განცხადებით, 2024 წლის თებერვლამდე ავტოსადგურებმა მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, ხოლო 2025 წლის მაისისთვის ავტოსადგურების რეფორმა სრულყოფილად უნდა განხორციელდეს.


Print