ახალი ამბები
ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობის შემთხვევაში მეპატრონე 150 ლარით დაჯარიმდება
პარლამენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილება ითვალისწინებს ღია სივრცეში ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლის შემთხვევაში მეპატრონისთვის დასაკისრებელი ჯარიმის გამკაცრებას.

ნებისმიერ ღია სივრცეში მფლობელი, ძაღლის ალიკაპის ან საბმელის გარეშე ყოლის შემთხვევაში, 20 ლარის ნაცვლად 150 ლარით დაჯარიმდება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრება.

კანონის ახალი პროექტი ასევე ითვალისწინებს თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში მეპატრონის 50 ლარით დაჯარიმებას, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა.

ხოლო ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
Print