ახალი ამბები
ესებუას საქმეზე ხმის ექსპერტი ამბობს, რომ საფრთხეს გრძნობს
ზუგდიდის რაიონულ სასმართლოში ბადრი ესებუას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომას ტერორიზმში ბრალდებული არ ესწრებოდა.

პროცესზე დაიკითხა ფონოსკოპიური ექსპერტი, რომელმაც გასცა დასკვნა, რომ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ხმის ნიმუში და ბადრი ესებუას ხმა ერთმანეთს ემთხვევა. მოწმეს სურდა, რომ პროცესზე ფოტო და ვიდეო გადაღება შეზღუდულიყო. ის ამჟამად გერმანიაში იმყოფება და პროცესს დისტანციურად ესწრებოდა. ბრალდების მხარემ მოწმის ეს მოთხოვნა მომატებული საფრთხით ახსნა, პროკურორის განცხადებით ექსპერტი რისკს გრძნობს, რადგან საქმე ტერორიზმს ეხება.

"ფონოსკოპიურ ექსპერტს პირდაპირი კავშირი აქვს და ტერორიზმში ბრალდებულის საქმეზე დასკვნა არის კავშირი განიცდის შიშს არ გრძნობს დაცულად უსაფრთხოებიდან გამომდინარე. სენსიტიურია რადგან დანაშაული მიმართულია სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ. მისი მონაცემების გახმაურების შემდეგ შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები დადგეს მოწმის მიმართ.არსებობს შანსი,რომ თუ არ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი მაინც შეექმნას საფრთხე. ბრალდების მხარე იზიარებს მოწმის ამ მოთხოვნას,"- მიმართა მოსამართლეს პროკურორმა.


ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ კი სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ბრალდების მხარის მოწმეს გერმანიაში თავშესაფრის მიღება სურს და ამიტომ არ სურს მედიაში გამოჩენა. უფლება დამცველის თქმით მოწმეს არ უნდა, რომ გერმანიის შესაბამისმა სტრუქტურებმა გაიგონ, რომ ექსპერტი სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობს.

"გასულია ქვეყნიდან თითქოს სამსახურიდან იდევნება და ამიტომ არ უნდა გაჟღერდეს ტელევიზიით რომ ნახოს შესაბამისმა უწყებებმა,რომ თანამშრომლობს პროკურატურასთან. არანაირი საფრთხე არ არსებობს მით უმეტეს არ დადასტურებულა თანამზრახველები. ეშინია რომ დევნილის სტატუსს ვერ მიიღებს,"- განაცხადა პროცესზე უფლებადამცველმა სოსო ჯანაშიამ.

მოსამართლემ დააკმაყოფილა მოწმის მოთხოვნა და ბადრი ესებუას საქმის დღევანდელი განხილვა მედიას ფოტო და ვიდეო გადაღება შეეზღუდა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო ბადრი ესებუას 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. ბრალს აღიარებს დაკავებულიც.

ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის ძარცვის საქმეზე ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
Print