ახალი ამბები
"ახალგაზრდები პრიორიტეტია" - წალენჯიხის მერი წარმომადგენლად 19 წლის სტუდენტის დანიშვნაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, მერის გია ხარჩილავას გადაწყვეტილებით, მერის წარმომადგენლად 19 წლის მარიამ ქარდავა რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. რადიო "ათინათი" ქარდავას დაუკავშირდა. მას ვკითხეთ, თუ გაიარა რაიმე ტიპის კონკურსი ამ პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად და რა სახის გამოცდილება აქვს, თუმცა ახალგაზრდა მერის წარმომადგენელმა ჩვენს კითხვებს არ უპასუხა და გვითხრა, რომ ინტერვიუსთვის მზად არ არის. ჩვენ ასევე გვაინტერესებდა, იცნობს თუ არა ადგილობრივების პრობლემებს, რა გეგმები აქვს მათი გადაჭრის გზების მოსაძიებლად, თუმცა, მერის წარმომადგენელმა ტელეფონი გაგვითიშა.

"უკაცრავად, ამ ეტაპზე არ ვარ ინტერვიუსთვის მზად. ახლა არ მაქვს სურვილი და არც დრო. მეგონა, რამე მოკლედ უნდა გეკითხათ. მოგვიანებით დაგირეკავთ,"- უთხრა რადიო "ათინათს" მარიამ ქარდავამ, რომელიც, მისი სოციალური ქსელის ანგარიშის თანახმად, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია.

მარიამ ქარდავას გამოცდილების შესახებ დასმულ კითხვას კონკრეტული პასუხი გია ხარჩილავამაც არ გასცა. წალენჯიხის მერმა გვითხრა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა და მარიამ ქარდავას დანიშვნაც იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც წალენჯიხის მერია ატარებს და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვას ემსახურება.

"ყველაფერი არის კანონიერი, ჩვენ ახალგაზრდებს დავუდგებით გვერდში და მივცემთ ასპარეზს. რამე კანონდარღვევას ხედავთ თქვენ? მუნიციპალიტეტი ახალგაზრდების წინ წამოწევით არის მოწადინებული, ბევრი ახალი სახე მივიღეთ მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე. ვეძებთ ჩვენ ახალგაზრდებს და ვაძლევთ შესაძლებლობას. მერის პრეროგატივაა წარმომადგენლის დანიშვნა, ყველაფერი კანონის შესაბამისადაა. თამთას (მერის ყოფილ წარმომადგენელს თამთა ფიფიას. ავტ) რაც შეეხება,  მას არ გაუგრძელდა ხელშეკრულება, ესეც კანონის ფარგლებში,"- გვიყვება გია ხარჩილავა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში არ არსებობს თავი, რომელიც მერის წარმომადგენლად დანიშვნისთვის რამე მოთხოვნას აყენებს. არ არის განსაზღვრული ასაკი, განათლების დონე და სხვა. ის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირია.

ამავე კოდექსით, მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.

წალენჯიხის მერიის დებულებაში კი ვკითხულობთ, რომ მერის წარმომადგენელს გარკვეული უფლება-მოვალეობები აკისრია, მათ შორის, აკონტროლებს მის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობას, მერს წარუდგენს პრობლემებს და შესაძლო გადაწყვეტის გზებს. გასცემს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ცნობას, უზრუნველყოფს ადგილობრივების კავშირს მერიასთან, მოსახლეობას აცნობს და უზიარებს ინფორმაციებს სამართლებრივი აქტების შესახებ, მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ, ასრულებს მერის სხვა დავალებებს.

სოფელ ლიის ყოფილი რწმუნებულთან თამთა ფიფიასთან ხელშეკრულება რამდენიმე კვირის წინ გაწყდა.  ფიფია ამ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა დაწერა, რომ პარტიული მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ამავე თემაზე:

წალენჯიხაში ენმ-ს წევრების ნაწილი მერის მოადგილის გადადგომას ითხოვს




Print