ახალი ამბები
აგვისტოს ბოლოდან ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება
ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს ბოლოდან უნდა დაიწყოს. რადიო "ათინათი" ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ესაუბრა. მამუკა ბულიას ინფორმაციით, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს პროექტი უახლოეს მომავალში დამტკიცდება, სამუშაოები კი, სავარაუდოდ,  ახალი სასწავლო წლის დადგომამდე დაიწყება.

მისივე თქმით, დაგეგმილი სამუშაოების გამო კი სკოლის მოსწავლეების ნაწილს ახალი სასწავლო წლიდან გაკვეთილები პირველ საჯარო სკოლაში ჩაუტარდება, მეხუთე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით კი სწავლა, სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ბულიას განმარტებით, შესაძლოა, მაღალ კლასელებისთვის სპეციალური ცხრილი შემუშავდეს და სწავლება ნაწილობრივ დისტანციურად განახლდეს.

"დაწყებითი კლასები პირველ საჯარო სკოლაში განაახლებენ სწავლას სექტემბრიდან, პირველ 4 კლასს ოთხ-ოთხი ჯგუფი აქვს. დაახლოებით. 400 ბავშვზეა საუბარი, მაღალი კლასები სავარაუდოდ დისტანციურად ისწავლიან, თუმცა შეიძლება ცხრილი შემუშავდეს და რამდენიმე დღე მათაც პირველ სკოლაში მოუწიოთ სწავლამ. პროექტის დამტკიცებას ველოდებით და დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით,"- უთხრა რადიო "ათინათს" ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ბულიამ.

ჯერჯერობით, ზუსტი ინფორმაცია, როდის დაიწყება ან რამდენ ხანს გაგრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, უცნობია.

Print