ახალი ამბები
რეანომობილი სვანეთს - ადგილობრივებმა ამ მოთხოვნით პეტიცია მოამზადეს
სვანეთში რეანომობილის მომსახურების მოთხოვნის მიზნით ადგილობრივებმა პეტიცია რამდენიმე დღის წინ მოამზადეს. პეტიციის ერთ-ერთი ავტორი ვიკა ფილფანია. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტს და მთლიანად სვანეთს რეანომობილი დღემდე არ ემსახურება, საჭიროების შემთხვევაში კი მისი გამოძახება ქუთაისიდან ან ზუგდიდიდან ხდება, რასაც ხშირ შემთხვევაში დიდი დრო სჭირდება.


"დაშავებული ადამიანისთვის რეანომობილის გამოძახება ხდება ზუგდიდიდან და ქუთაისიდან, რაც კარგ შემთხვევაში 10-12 საათს მოითხოვს, რის გამოც ადამიანი სიცოცხლისთვის გადამწყვეტ საათებს რეანომობილის ლოდინში კარგავს...
ვინც თვალს ადევნებს ყველამ იცის რომ ბოლო 2 წელია სხვადასხვა გზებით ვცდილობ აღნიშნული საკითხის მოგვარებას, სადაც მომეცა შანსი ყველგან გავაჟღერე, გადაცემებსა თუ პრეზიდენტთან მიღებაზე,არასამთავრობო თუ სამთავრობო სექტორთან, ასევე საკითხი დავაყენე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში... ვინაიდან საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას აღნიშნული საკითხი უნდა გადაიჭრას დაუყოვნებლივ, ამიტომ მოგიწოდებთ და გთხოვთ ყველას დაგვეხმაროთ ხელმოწერების შეგროვებაში,"- წერს სოციალურ ქსელში ვიკა ფილფანი.


პეტიციას უკვე 1000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, სულ 5 000 ხელმოწერაა საჭირო. მისი ავტორები სახელმწიფოს და ყველა შესაბამის უწყებას სთხოვენ, რომ სვანეთისთვის რეანომობილის შესაძენად საჭირო ხარჯები გამოიყოს.



Print