ახალი ამბები
საქართველოში ყოველი მესამე ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
2023 წლის მაისის მდგომარეობით, 254 333 ბავშვი საარსებო შემწეობის მიმღებია, რაც არასრულწლოვნების საერთო რაოდენობის 28.3%-ია. სტატისტიკას სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს. ცენტრის თანახმად, ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ყოველი მესამე ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში კი, ამავე ინფორმაციით, საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობა 146.3%-ით გაიზარდა.

341 002 ბავშვი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზაშია რეგისტრირებული, რაც ბავშვების საერთო რაოდენობის 38%-ს შეადგენს.

„ზრდასრული სოციალურად დაუცველი პირებისგან განსხვავებით, სოციალური შემწეობის მიმღები ბავშვების მიმართ მთავრობის პოლიტიკაში პერიოდულად პოზიტიურ ცვლილებებსაც ვხედავთ. მაგალითისთვის, 16 წლამდე ბავშვებისთვის გაიზარდა საარსებო შემწეობის მიღების ქულათა ზღვარი და ამჟამად ამგვარ ზღვარს 120 000 ქულა წარმოადგენს; ასევე, იზრდება არასრულწლოვნების ყოველთვიური გასაცემელი - 2023 წლის ივლისიდან ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ბავშვზე სოციალური შემწეობა 200 ლარით განისაზღვრება.

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საარსებო შემწეობის სისტემის მიღმა სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება“, - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Print