ახალი ამბები
ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკებში დაფინანსდება - მთავრობა
საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება.

მთავრობის ინფორმაციით, პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია.

„უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად, წინასწარი ბაზრის კვლევის საფუძველზე, უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი.

პროექტის ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია, რომელიც, გარკვეული ტიპის სოლიდური სიმსივნის სამკურნალოდ, უკანასკნელი სიტყვაა თანამედროვე მედიცინაში.

საკითხის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ ხარისხიან ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, სახელმწიფოს პრიორიტეტია.

ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები თვის ბოლომდე გაფორმდება, რის შემდეგაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, სამედიცინო მომსახურებას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ - ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში საჭიროების მიხედვით მიიღებენ.

18 წლამდე პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპი იქნება, ვიდრე საქართველოში არ გაძლიერდება სერვისები და არ შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, - ვკითხულობთ მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Print