ახალი ამბები
მედვედევის მუქარა წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელებას - საქართველოს საგარეო უწყება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის მუქარას ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ.

საგარეო უწყების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე დმიტრი მედვედევის მუქარა წარმოადგენს „რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას“.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინიპებს, ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

„საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას და ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების და მშიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

დმიტრი მედვედევმა სრულიად შესაძლებელი უწოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეას. მან აღნიშნა, რომ 2008 წელს რუსეთმა შეაჩერა თბილისზე თავდასხმა და დასავლეთმა ეს უნდა გაითავისოს.

ამავე თემაზე: მედვედევი რეალურს უწოდებს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების იდეას
Print