ახალი ამბები
ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზარდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო ეკონომიკური მაჩვენებელი 7.2%-ია.

„2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები“, - აცხადებენ საქსტატში.

ამავე ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგებში.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქონლით საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების ცვლილება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემდეგნაირად ნაწილდება:

საქონლის ექსპორტი - 15.9%
საქონლის იმპორტი - 19.0%
საგარეო სავაჭრო ბრუნვა - 18%.

გარდა ამისა, კვლევაში ხაზგასმულია, რომ შესაძლებელია ყოველთვიურად მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება და შესაბამისად, ეს იწვევს რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებას.
Print