ახალი ამბები
“ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს
„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მალე დაიწყება საპარლამენტო უმრავლესობაში კონსტიტუციური წარდგინების მოსამზადებლად შეგროვდება ხელმოწერები. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე თქვა, პარტია „კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

კობახიძის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტმა „უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში“.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, პროცედურები დაიწყება იმის მიუხედავად, რომ მის აღსასრულებლად საჭიროა საპარლამენტო ოპოზიციის ხმებიც.

"საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს - ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და გუშინ წინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია. იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს. ამის მიუხედავად პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. გარდა ამისა იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული. იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად უახლოეს დღეებში შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



Print