ახალი ამბები
წარჩინებული სტუდენტები 300 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებენ - ირაკლი ღარიბაშვილი
დღეიდან, წარჩინებული სტუდენტები სტიპენდიას გაორმაგებული სახით, 300 ლარის ოდენობით მიიღებენ.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს 2 500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას, დღეიდან კი თითო სტუდენტზე გახდება 300 ლარი და მას მიიღებს 5 000 წარჩინებული სტუდენტი.

„მოგეხსენებათ, სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. მინდა ზოგადად გამოვყო ჩვენი განათლების ცენტრი, მინდა გითხრათ, რომ წლებია, ჯერ კიდევ, ჩემი პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ აღნიშნული ცენტრი, 1 000-ზე მეტი საუკეთესო წარჩინებული სტუდენტი გავუშვით საუკეთესო უნივერსიტეტებში და სრულიად უფასოდ ვასწავლეთ მათ. ჩვენ 1000-ზე მეტი საუკეთესო წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში, რა თქმა უნდა, ზოგი ბრუნდება, ზოგი არამხოლოდ სახელმწიფო უწყებაში, კერძო სტრუქტურებში საქმდება, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი სიმდიდრეა და ჩვენი სიძლიერეა, ჩვენ ამ პროექტს კიდევ უფრო გავაძლიერებთ, ახალი მინისტრი ამ მიმართულებით მუშაობს. მეორე მიმართულება, რაც გვაქვს, ეს არის, ადგილზე ნიჭიერი, წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების დახმარება, უფრო სწორად, მათი წახალისება სტუდენტების სტიპენდიების სახით“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, თანხა, შესაძლოა, სიმბოლური იყოს, თუმცა, მისივე თქმით, ეს მთავრობის მხრიდან სტუდენტების დაფასებაა. მისივე განმარტებით, დეტალები მუშავდება და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება.

Print