ახალი ამბები
70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტში სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად პენსიების ზრდაა გათვალისწინებული. მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ასევე თქვა, რომ დაგეგმილია ჯანდაცვის პერსონალის, ძალოვნებისა და სხვა საჯარო მოხელეებისთვის ანაზღაურების ზრდა, ასევე, ბაღის თანამშრომელთა ხელფასების მატებაც.

საქართველოს მთავობის მეთაურის ინფორმაციით, 2024 წლის ბიუჯეტით 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი - ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი.


"იზრდება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით. პენსიების ზრდა გვაქვს - 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი.

რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აქაც ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5-6 მილიარდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მილიარდი ლარი, მათ შორის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა, ასევე 10%-ით. ძალოვნებისთვის მინდა ვთქვა, რომ შარშან 20%-იანი ზრდა გავაკეთეთ და ჯამში, ბოლო 2 წელიწადში თითქმის 40-45%-იანი ზრდა გამოგვივიდა ძალოვნებში: პოლიციაში, ჯარში და სპეცსამსახურებში. სხვა საჯარო მოხელეებს ბოლო ორ წელიწადში გაეზარდათ 30%-ით ამ ახალი ზრდის ჩათვლით, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, გავაგრძელებთ ჩვენი საჯარო მოხელეების წახალისებას და ხელფასების ზრდას.

მინდა ვთქვა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხს ჩვენ ვამუშავებთ და ახალ მინისტრთან ერთად ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ ახალ კონცეფციას.

"მინდა აღვნიშნო, რომ ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

Print