ახალი ამბები
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო
საქართველოს პარლამენტში დაიწყო პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა.

დარბაზში, სადაც ზურაბიშვილიც იმყოფება, სხდომას არ ესწრებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", პარტია "საქართველოსთვის", "ლელოს" და ოპოზიციის სხვა წევრები.

პროცესს ესწრება "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდი სრული შემადგენლობით, ასევე, "გირჩი", "ევროპელი სოციალისტები", ხატია დეკანოიძე, ალეკო ელისაშვილი და თეონა აქუბარდია.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით უკვე გამოვიდა მმართველი პარტიის თავმჯდომარე და იმპიჩმენტის ერთ-ერთი ინიციატორი ირაკლი კობახიძე. კითხვებს სვამენ და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ დეპუტატები.

განხილვის შემდეგ კი საკითხი კენჭისყრაზე დადგება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მთავრობის თანხმობის გარეშე წარმომადგენლობითი ვიზიტებით კონსტიტუცის 52-ე მუხლი დაარღვია.

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურები პირველ სექტემბერს დაიწყო. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა „უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში“.









Print