ახალი ამბები
პარლამენტმა პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით ვერ გადააყენა
საქართველოს პარლამენტს კენჭისყრაზე არ ეყო ხმები, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოეხდინა. 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი - ასე დასრულდა პლენარულ სხდომაზე კენჭკისყრის პროცედურა. პრეზიდენტის გადაყენებას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 86-მა წევრმა.

სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა.

მანამდე სიტყვით გამოვიდა იმპიჩმენტის ინიციატორი "ქართული ოცნების" თავმჯომარე ირაკლი კობახიძე. პოლიტიკური გამოსვლები ჰქონდათ დეპუტატებს. კანონმდებლებს მიმართა პრეზიდენტმა. 

"პირველად საქართველოს ისტორიაში იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ. სხვა არაფერში და ამაში ვითომც და პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ. ამ დროს კი, 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე", - მიმართა უმრავლესობის წევრებს სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 

"ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურები პირველ სექტემბერს დაიწყო. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა "უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მთავრობის თანხმობის გარეშე წარმომადგენლობითი ვიზიტებით კონსტიტუცის 52-ე მუხლი დაარღვია.



Print