ახალი ამბები
წინა წელთან შედარებით, სკოლების რაოდენობა 6-ით შემცირდა - საქსტატი
2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 210 კერძო. შესაბამისი ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

საქსტატის განმარტებით, წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა, რეგიონების მიხედვით კი ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთშია.

ამავე ცნობით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 634.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.2%-ით აღემატება.

"საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.5% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 10.5%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.2% გოგოა, ხოლო 51.8% - ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.5%) თბილისში სწავლობს.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს (აღნიშნული საგნები სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში) 166.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.1 პროცენტით ნაკლებია", - ვკითხულობთ საქსტატის დოკუმენტში.

სწავლის დასრულებასთან დაკავშირებით სააგენტო აღნიშნავს, რომ 2023 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 47 291 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს აღემატება 4.1%-ით.

" დაწყებითი განათლება მიიღო 56.6 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება - 46.8 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.9 პროცენტით მეტია", - მითითებულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება სკოლაში დასაქმებულ მასწავლებელთა მაჩვენებელს, საქსტატის ცნობით, სკოლებში დასაქმებული იყო 63.7 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია, უმეტესობა მათგანი (85.7%) კი ქალია.

Print