ახალი ამბები
2024 წლიდან იგეგმება ე.წ ლამინირებული პირადობის მოწმობის გაუქმება
"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, 2024 წლის პირველი ივლისიდან იგეგმება 2011 წლის 28 ივლისამდე  გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების გაუქმება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს ხვალ, 4 დეკემბერს წარედგინება შესაბამისი პროექტი.

ამავე კანონპროექტზე დაყრდნობით, ე.წ ლამინირებული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები არ შეიცვლება.

ამასთან, როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, პროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით - ID-ბარათებით - შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას.

რაც შეეხება, ე.წ ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში მონაწილეობას, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არაელექტრონული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას გულისხმობს.

Print