ახალი ამბები
ბჟანიას ისევ მოსთხოვეს ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების "პარლამენტიდან" გაწვევა
აფხაზურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოუწოდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "პრეზიდენტს" ასლან ბჟანიას, პარლამენტიდან გაიწვიოს ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. პარლამენტმა, 28 დეკემბერს, შესაძლოა, მოსკოვსა და სოხუმს შორის ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინოს. ინფორმაციას „ტელეგრამის“ არხი RESPUBLICA ავრცელებს.

"ეხო კავკაზას" თანახმად, ოპოზიცია შეშფოთებულია ასლან ბჟანიას "შეხვედრებისა და კონსულტაციების კულუარული ხასიათით". 

"პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების სახელით ვითხოვთ პრეზიდენტ ბჟანიასგან, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, უარი თქვას უკანონო, ანტიეროვნულ ინიციატივებზე", - ნათქვამია განცხადებაში. ბიჭვინთის შეთანხმების გარდა, საუბარია "აპარტ-სასტუმროების შესახებ კანონპროექტზე" და საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღიარების შესახებ "რუსულ - აფხაზურ" შეთანხმებაზე.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას სოხუმსა და მოსკოვს შორის 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

დოკუმენტის თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი "სახელმწიფო აგარაკი" და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით გადადის. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ, საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.

დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობდა დაერწმუნებინა მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებდა მას. თუმცა, აფხაზური ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილი მიუღებლად მიიჩნევს შეთანხმებით ნაკისრი პირობების შესრულებას.




Print