ახალი ამბები
უკანონო ელექტროშოკური აპარატით თევზჭერაზე კანონი მკაცრდება
მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი პროექტის მიხედვით, ე.წ. თევზმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობისა და თევზჭერის ელექტრო იარაღის უკანონო ბრუნვაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება.

"სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისებისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაცია. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის 2000 ლარით დაჯარიმებას, მისი იარაღის კონფისკაციით. 

თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღებაზე დაწესდება 3000 ლარის ჯარიმა და მოხდება სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაცია. განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის 6000 ლარის ჯარიმა იქნება გათვალისწინებული,  სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით", - მითითებულია საკანონმდებლო პაკეტში. 

ამავე ინფორმაციით, კუსტარულად დამზადებული ელექტროშოკის აპარატები არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და შეუქცევად ზიანს აყენებს გარემოს.

Print