ახალი ამბები
ჟიული შარტავა არის სიმბოლო სამშობლოს ერთიანობისა - ირაკლი ჩიქოვანი
"ის ყოველთვის ხელს უწყობდა ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას, ბოლომდე იდგა სოხუმის დამცველთა რიგებში და თავისი სიცოცხლის ფასად ცდილობდა დაეცვა ქვეყანა და ხალხი", - ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

მისი თქმით, ჟიული შარტავა არის სიმბოლო სამშობლოს ერთიანობის და თავისუფლებისათვის მებრძოლი ლიდერისა, მისი გმირობა, გამოჩენილი სიმტკიცე და სიმამაცე კი, სამაგალითოა.

"სამშობლოს გაერთიანება, ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად, ძლიერი სახელმწიფოს აშენება არის ჩვენი მიზანი. ჩვენი გმირების და, მათ შორის, ჟიული შარტავას თავგანწირვა ყოველდღე გვახსენებს ამ მიზანს. ქედს ვიხრი ჩვენი ქვეყნის გამორჩეული გმირის ხსოვნის წინაშე",- წერს ჩიქოვანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

7 მარტი საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა.

ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს სენაკში დაიბადა.


Print