ახალი ამბები
აფხაზეთის პარლამენტმა უნდა გააუქმოს ბიჭვინთის შეთანხმების რატიფიცირება, - სოციალურ ქსელში რუსეთის ნოტას ეხმაურებიან
სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში რუსეთის საგარეო უწყების სოხუმისთვის გაგზავნილ ნოტას ეხმაურებიან, რომელიც ბიჭვინთის აგარაკების შეთანხმებას ეხება.

პოსტის ავტორი, აფხაზური საზოგადოების წარმომადგენელი, თენგიზ ჯოპუა წერს, რომ „... აფხაზეთის პარლამენტმა უნდა გააუქმოს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, ვინაიდან თავდაპირველად კანონპროექტის განმარტებით დოკუმენტებში გაჟღერებული პირობები არ შეიცავდა გადაცემული ობიექტის გამოყენების ჭეშმარიტ მიზნებს“.


მისივე თქმით, „საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს“ ხელმძღვანელებმა, ინალ არძინბამ და ანრი ბარციცმა, თანამდებობები უნდა დატოვონ, „მათ მიმართ ნდობის არარსებობის გამო, რადგან მათ მიერ საზოგადოებისთვის ამ პროექტთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიცია შეიცავდა ცრუ პირობებს“.

ჯოპუა თვლის, რომ სოციალურ - პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, „სახელმწიფოს მეთაურმა პარლამენტიდან უნდა გამოიწვიოს საზოგადოებაში რეზონანსის გამომწვევი კანონპროექტები“, რომლებიც დღის წესრიგს მომდევნო არჩევნებამდე არ უნდა დაუბრუნდეს. „წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ მას ეკისრება“, - დასძენს ის.

ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის რატიფიცირებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო უწყებისთვის გაგზავნილი ნოტა ტელეგრამ-არხმა „აფხაზური პორტალი“ 13 მარტს გამოაქვეყნა. დოკუმენტში გამოხატულია უკმაყოფილება „აფხაზეთის პარლამენტის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კერძოდ, მიუთითებს, რომ აუცილებელია მოიხსნას აკრძალვა, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი ბიჭვინთაში მდებარე ობიექტებს მესამე პირებს ვერ გადასცემს.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, 14 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ დეზინფორმაცია უწოდა შეტყობინებას იმის შესახებ, რომ თითქოს „დეპუტატების ნაწილი ბიჭვინთის შეთანხმების რატიფიკაციის დროს მიღებული ნორმებზე უარის თქმას განიხილავს“.


„დეპუტატები რჩებიან იმავე პოზიციებზე, რაც ამ შეთანხმების რატიფიკაციამდე ჰქონდათ. მიგვაჩნია, რომ ეს პოზიციები შეესაბამება აფხაზი ხალხის ინტერესებს და არ არღვევს არც თავად შეთანხმების კონცეფციას, არც იმას, რაც უნდა მოხდეს ამ სახელმწიფო აგარაკზე და არც აღნიშნული შეთანხმების მიზნებს“, - განაცხადა აშუბამ.


გამოცემის ცნობით, ინალ არძინბა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტის გამოქვეყნებით უკმაყოფილოა. ამასთან, მისი თქმით, შენიშვნის მიღების შემდეგ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკვე შეთანხმდა საპასუხო ჩანაწერის წინასწარ ვერსიაზე, რომელიც „არსებითი და გასაგებია“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაზე აფხაზ ლიდერს ასლან ბჟანიას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს გამთენიისას მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია.

"ეს, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, რომელიც ეხება ოჩამჩირეს, არის არალეგალური და ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება", - ასე გამოეხმაურა ბიჭვინთის "შეთანხმების რატიფიცირებას" საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

Print