ახალი ამბები
შესაძლოა, საქართველომ სოფლის მეურნეობის სფეროში დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს - ევროკავშირის წარმომადგენელი
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის ნიკოლას სენდროვიჩის განცხადებით, შესაძლოა, საქართველომ სოფლის მეურნეობის სფეროში დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში სოფლის მეურნეობის გაცოცხლებასა და საქართველოს სოფლის მოსახლეობის დახმარების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

როგორც სენდროვიჩმა აღნიშნა, ფინანსური დახმარების მიზანი ევროკავშირის სურსათის უვნებლობის წესებთან და ევროკავშირის "ფერმიდან – ჩანგლამდე" სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოსვლა იქნება.

"სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ მას საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ინტეგრირებისთვის მზადების პროცესში მეტი დაფინანსების მიღება შეუძლია. ზოგადად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები სოფლის მეურნეობის სფეროში მხარდაჭერას და შეღავათებს იღებენ, როგორც გაწევრიანების წინა დახმარების ნაწილს. საქართველოს ასევე შეუძლია ბაზარზე სასარგებლო წვდომა მოიპოვოს. ახალი რეგულაციების შესრულების დაჩქარება, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობის და ხარისხის მენეჯმენტის შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის საერთაშორისო და ევროკავშირის ბაზრებზე წვდომას ხელს შეუწყობს", - თქვა მან.

სენდროვიჩის განცხადებით, საქართველოს შეუძლია სოფლის განვითარების ინიციატივებით ისარგებლოს, რადგან ევროკავშირი სოფლის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევს.

Print