ახალი ამბები
ზუგდიდელი უფლებადამცველი გამომძიებლებს სახაზინო ადვოკატებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს
ადამიანებს ნუ ართმევთ უფლებას იყოლიონ ადვოკატი თავიანთი სურვილის შესაბამისად, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, - ამ შინაარსის წერილს ზუგდიდელი ადვოკატი ჯიტა გულუა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი თქმით, დაახლოებით, 3 წელია, ზუგდიდში ფინანსური სამსახურის გამომძიებლები დამოუკიდებელი ადვოკატების დისკრედიტაციას ცდილობენ და დაკავებულებთან სახაზინო ადვოკატებს უწევენ რეკომენდაციას.

"დაკავებულებს ეუბნებიან, გინდა თუ არა მხოლოდ სახაზინო ადვოკატი, თუ სხვებს მოიყვანთ, მაქსიმალურად დაისჯებით. ხალხი ჰყავთ დატერორებულები, მათ ვერ აჰყავთ სასურველი ადვოკატი. ეს ადამიანის უფლების უხეში დარღვევაა. ეს სისხლის სამართლის დარღვევაა. არავის აქვს უფლება, არათუ აიძულოს, არამედ მიუთითოს კიდეც. ზოგიერთი სახაზინო ადვოკატი არც გაეცნობა საქმის მასალებს, პირიქით, აშინებენ, რომ საქმეები გაჭიანურდება", - თქვა რადიო "ათინათთან" გულუამ.

როგორც უფლებადამცველი განმარტავს, დღეს ძალიან ცოტაა იმ საქმეების რაოდენობა, რომელსაც დამოუკიდებელი ადვოკატები აწარმოებენ და თუ ზუგდიდში არსებული რეალობა არ შეიცვალა, ადვოკატები მასობრივი გამოსვლით მოითხოვენ სისტემაში არსებული დანაშაულის გამოსწორებას.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოში საკითხის კომენტირებისას ბრალდება კატეგორიულად უარყვეს. უწყებაში გვპასუხობენ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
Print