ახალი ამბები
ოქროს დალომბარდების გზით თაღლითობისთვის დაკავებულ 4 პირს ბრალი წარვუდგინეთ - პროკურატურა
პროკურატურამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე დაკავებულ 4 წევრს ბრალდება წარუდგინა. საუბარია ოქროთი უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხების გაფორმებაზე. შესაბამის ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი შექმნეს და 2021-2023 წლებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, იურიდიულ პირებთან ძვირფასი ლითონით (ოქრო) უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები გააფორმეს, სადაც უზრუნველყოფის საგნად ყალბი, თითქოსდა ოქროს ნივთები გამოიყენეს", - აცხადებენ პროკურატურაში.
ამავე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აღნიშნული ორგანიზაციების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, - ჯამში 37 347 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის ოთხივე წევრი 19 მარტს დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ.

როგორც პროკურატურაში ამბობენ. ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, უწყება სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Print