ახალი ამბები
უკრაინაში აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია ემსხვერპლა.

როგორც რადიო ,,ათინათს'' მისი მეგობარი და თანამებრძოლი ზაალ ლატარია უყვება, აფხაზეთიდან დევნილი ქართველი მებრძოლი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან მართვადი რაკეტის აფეთქებას ემსხვერპლა. მისივე თქმით, 22 მარტს დაღუპული ჯარისკაცის ცხედრის გადმოსვენება ცხელი წერტილიდან ადგილზე მიმდინარე შეტაკებების გამო ჯერ - ჯერობით  ვერ ხერხდება.

''სიცოცხლეშივე გმირი იყავი და გმირულად დაეცი უთანასწორო ბრძოლაში თენგო ჭანია, ჩემო ძვირფასო ძმაო. შენ ის იშვიათი მეომარი იყავი, რომელიც ბრძოლაში დამსახურებულ მედალსაც კი არ იკიდებდი, იმდენად თავმდაბალი იყავი... ძალიან დაგვკალდები ყველა მეომარს, ძალიან მომენატრები ძმაო'', - წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე თენგიზ ჭანია უკრაინაში, „აზოვის“ მესამე მოიერიშე ბრიგადის რიგებში იბრძოდა.

2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, საომარ მოქმედებებს 60 - ზე მეტი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Print