ზუგდიდის მერიამ 51 ათასზე მეტი გამოყო სააღდგომოდ ბენეფიციარებისთვის კვების პროდუქტების შესაძენად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 51 040 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
საუბარია მრავალშვილიანი ოჯახების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, ას წელს გადაცილებული პირების, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანების, მარტოხელა მშობლების, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახების, სოციალური საცხოვრისისა და უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის სადღესასწაულოდ სხვადასხვა კვების პროდუქტის შეძენაზე.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სულ ასეთი 550 სასაჩუქრე პაკეტი უნდა დამზადდეს. თითოეულში კი შემდეგი პროდუქტები უნდა იდოს: 2 ქილა შესქელებული რძე, 2 შეკვრა შაქარი, 2 ნაღების კარაქი, 1 შეკვრა კარამელი, 1 ლიმონათი, ორი პასკა, 10 კვერცხი, 1 პაკეტი ფქვილი, 1 პაკეტი მაკარონი, 1 ბოთლი ზეთი, 1 კოლოფი ვაფლის ტორტი, 1 შეკვრა წიწიბურა, ჩაი, 1 შეკვრა ბრინჯი, 1 ქათამი, 2 პაკეტი კვერცხის საღებავი. ტენდერში წინადადებები 5-დან 8 აპრილის ჩათვლით მიიღება.
გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება 2024 წლის 25 აპრილიდან ამავე წლის 1-ელ მაისამდე შეასრულოს ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობები.
მასალის გამოყენების პირობები