ახალი ამბები
ე.წ უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტი პარლამენტს დღეს წარედგინება
დღეს პარლამენტის ბიუროს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარედგინება და მას განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს გადასცემს.

აღნიშნული დოკუმენტი მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" დაარეგისტრირა.

კანონპროექტზე დაყრდნობით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" ჩაითვლება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

ასევე, ორგანიზაციებმა საფინანსო დეკლარაცია ყოველწლიურად უნდა შეავსონ.

"უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი იქნება ნებისმიერ დროს კვლევა და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი ჩაატაროს.

უცხოური გავლენის ორგანიზაციად რეგისტრაციისა და დეკლარაციის შევსებისგან თავის არიდება გამოიწვევს 25 000 ლარით დაჯარიმებას.

ჯარიმები შემდეგნაირად ნაწილდება:

იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი

დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში - 10 ათასი ლარი

კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

ინფორმაციისთვის, პარლამენტმა პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს მიიღო კანონი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, რასაც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათასობით მოქალაქის შეკრება მოყვა. აქციის დასაშლელად ძალოვნებმა არაერთგზის გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი, 66 პირი კი დააკავეს. საპროტესტო აქცია სლოგანით "არა რუსულ კანონს" გაიმართა ზუგდიდშიც. 9 მარტს კი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და "ხალხის ძალას" შორის კონსულტაციების შედეგად, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო 10 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო დოკუმენტი.


ამავე თემაზე:

"ქართული ოცნება" ე.წ. აგენტების კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს

რადიო "ათინათი" არ გეგმავს "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას - განცხადება

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი - არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები, მათ შორის "ათინათი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

"არა რუსულ კანონს" - საპროტესტო აქციის მეორე დღე ზუგდიდში (ფოტო)


Print