ახალი ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წელი შესრულდა
1991 წლის 9 აპრილს,12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღეს. რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლების ხსოვნას და სხდომის დღის წესრიგში დააყენეს ერთადერთი, ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხი.

"სიმბოლურია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!", - თქვა ზვიად გამსახურდიამ. 

დოკუმენტის მიღებას წინ უსწრებდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი. შეკითხვას, "ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" ქვეყნის მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
Print