ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა - სუს-ის ანგარიში
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.

საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ ანგარიშზე დაყრდნობით, საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად სარგებლობდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი "ცხელი ხაზით".

მათივე განმარტებით,2023 წელს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სამი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, მანდატის ფარგლებში, ხაზგასმით აღნიშნეს ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, უკანონო დაკავებებზე, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე და სხვა.

"2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები თითქმის მზად იყვნენ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების აღდგენაზე, თუმცა რეალურად ქმედითი ნაბიჯი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან არ გადადგმულა", - წერს უწყება.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი თავისუფალი გადაადგილების უფლება მოითხოვეს.

გარდა ამისა, მათი განცხადებით, ყურადღება გამახვილდა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის დამაზიანებელ შედეგებზე.
Print