ახალი ამბები
ბჟანია სანქციებს მოელის იმ რუსული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსული ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ.

აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აეროპორტის აღდგენის პროექტს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO), საქართველო და ევროკავშირის ქვეყნები ბლოკავენ.

„არის ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოებს შორის საჰაერო მიმოსვლას, შეიმუშავებს გარკვეულ საერთო წესებს და ა.შ. ეს ორგანიზაცია ბლოკავს ამ პროექტს. ეს პროექტი იბლოკება საქართველოს ინიციატივით და ამ პროექტს ბლოკავს ევროკავშირის ყველა სახელმწიფო. ამის მიუხედავად, აეროპორტის აღდგენაში გვეხმარება ჩვენი მოკავშირე (რუსეთი - რედ.). ამან შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი სანქციები გამოიწვიოს იმ ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იფრენენ. მიუხედავად ამისა, მუშაობა გრძელდება“, - დასძინა ბჟანიამ.

ის დარწმუნებულია, რომ პროექტი „აფხაზეთის "ეკონომიკურ იერსახეს შეცვლის" და „აფხაზეთი კიდევ უფრო პოპულარული გახდება“.

„ამის არ უნდა გვეშინოდეს. ეს არის ჩვენი უპირატესობა, ჩვენი პლუსია. აფხაზი ხალხია აფხაზეთის ბატონ-პატრონი. აფხაზი ხალხი განსაზღვრავს, რა წესებით იქნება აქ ხალხი , თუნდაც დროებით. მთავარია, ეს ხალხი იყოს“, - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა.

უფრო ადრე, აფხაზური მედია წერდა, რომ სოხუმის აეროპორტში პირველი სატესტო თვითმფრინავი 20 ივლისს დაეშვება.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის ოქტომბერში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.

2019 წლის ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.

საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინ განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.

2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.

ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.


Print