ახალი ამბები
ეს კანონი აუცილებლად საჭიროა - საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი თაზო ფაცაცია ანტი-ლგბტ კანონზე (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის პარლამენტში მიღება.

"ეს პირველად დაიწყო, როდესაც კონსტიტუციიდან ამოიღეს მართლმადიდებლობა, სააკაშვილის პერიოდში მოხდა ეს. იმის შემდგომ ნელ-ნელა აგროვებდნენ ამ ყველაფერს. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ჩვენც შევცოდეთ. მე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და ხალხი რასაც მეუბნება ის უნდა გადმოგცეთ. ფილმის ჩვენება, რომელიც რუსთაველზე იყო, ახლა მესმის, რომ ეს ფილმი არ უნდა გვეჩვენებინა", - თქვა ფაცაციამ.

მისივე მტკიცებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ერევიან და ჭკუას ასწავლიან სამ მილიონიან ქვეყანას. როგორც ის ამბობს, დღეს სწორედ ამის შედეგებს იმკის საქართველო.
"მე მგონი, 29-ში მოხდება ქართული საზოგადოების კონსოლიდაცია და მაქსიმალურად ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით და ვიტყვით ჩვენს სათქმელს აუცილებლად. ჯართი ბევრია, მაგრამ ფასი არა აქვს, ბრილიანტი კი პატარაა მაგრამ ძვირად ფასობს", - თქვა მან.

მისი გამოსვლის შემდეგ სიტყვა იქ შეკრებილ მოქალაქეებს გადასცეს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ლგბტ პროპაგანდა კანონით უნდა დაისაჯოს. ერთ-ერთმა მათგანმა შალვა პაპუაშვილს ჰკითხა, თუ რა მექანიზმი აქვს სახელმწიფოს საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყანაში სქესის შეცვლის დასარეგულირებლად.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი უპასუხა, რომ ქართული კანონმდებლობა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელდება, თუმცა მისი თქმით, არსებობს კონსტიტუციისთვის გვერდის ავლის პრეცედენტებიც.

დღეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვა ჩაატარეს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარები მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი დაესწრნენ.


ამავე თემაზე: 

„პროპაგანდით ორიენტაციას ვერ შეიცვლით“, - სამოქალაქო აქტივისტის კომენტარი და შეურაცხმყოფელი რეპლიკები მის მიმართ (ვიდეო)
Print