არჩევნები
წინასაარჩევნო პერიოდში მედია მონიტორინგის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია", "ინტერნიუს საქართველო" და "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე კვლევის პირველ შედეგებს აქვეყნებს. მონიტორინგი საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კუთხით ხორციელდება და პირველი 11 კვირის, 20 მაისიდან 11 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

მონიტორინგი 11 ტელევიზიას, 12 რადიოს, 7 ბეჭდურ მედიას და 16 ონლაინ მედია საშუალებას უტარდება. "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" წარმომადგენლის გიორგი მგელაძის განცხადებით, რაოდენობრივი ტენდენციების კუთხით, ყველაზე მეტი დრო ეთმობა მთავრობის გაშუქებას, ნაკლები დრო ყველა არხზე ეთმობა პრეზიდენტს, მთავრობა ყველაზე უარყოფითად წარმოდგენილი ყავს "რუსთავი 2"-ს და "ობიექტივს", დადებითად GDS-ს.

მისივე განცხადებით, ძირითადად პრობლემებია ბალანსის კუთხით და მოვლენების გაშუქებისას არ ხდება ორივე მხარის პოზიციების წარმოჩინება. 2012 წლის არჩევნებიდან ქარტია ყველა არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგს ახორციელებდა და მისი თქმით, მედია გაცილებით უფრო დაბალანსებულად და გამართულად მუშაობს, ვიდრე 2012 წელს.

დადებითი ძვრები შეინიშნება ეთიკური კუთხითაც. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგი ნოემბრამდე გაგრძელდება.
Print