არჩევნები
ირაკლი ჩიქოვანი: "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას დღეს იწყებს (ვიდეო)
"თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზუგდიდში ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგი ამჯერად საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ გამართა. მისი თქმით, საოლქო კომისია დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც ზუგდიდში არჩევნების გაყალბება დაიწყება.

"საოლქო კომისიამ დღეს უნდა აირჩიოს მომავალი საუბნო კომისიის წევრები, რომლებიც პროფესიული ნიშნით უნდა გამოავლინონ. "ქართული ოცნების" ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირი კარნახით მიუთითებენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, თუ ვინ უნდა აირჩიონ უბნის კომისიებში, როგორც ე.წ. პროფესიული წევრები", - განაცხადა ჩიქოვანმა. ოპოზიციური პარტიის დეპუტატი ქვეყნის პრემიერ - მინისტრს მოუწოდებს დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და გაარკვიოს, თუ რა ხერხებით მოქმედებენ მისი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლები.

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განმარტებით, საუბნო კომისიის წევრების არჩევა დღეს 16 საათზე გაიმართება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება მათი ვინაობა ცნობილი.

"ჩემთვის უცნობია, ვინ ვის გამოუცხადებს ნდობას და ვინ ვის აირჩევს. არ გვქონდა შეზღუდვა კონკურსანტებზე, სულ შემოსულია 770 - ზე მეტი განაცხადი და აქედან, საოლქო კომისიამ 552 უნდა აირჩიოს", - აცხადებს მირანდა მესხი.

ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ირაკლი ჩიქოვანმა განცხადებით საოლქო კომისიას მიმართა, რომელშიც ის განმეორებითი, გამჭვირვალე და სამართლიანი კონკურსის ჩატარებას ითხოვს.

ამავე თემაზე:

ირაკლი ჩიქოვანი: "ოცნება" საარჩევნო უბნებზე "მონოპოლიის" მოპოვებას ცდილობს (ვიდეო)

Print