არჩევნები
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება თუ შეცდომა - დევნილთა სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე წინასაარჩევნო მასალები გამოქვეყნდა
დევნილთა სამინისტროს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრების ამსახველი მასალებია გამოქვეყნებული. ამომრჩევლებთან "ქართული ოცნების" შეხვედრების ფოტო და ვიდეო მასალები სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე 19 სექტემბრიდან, "შეხვედრა მოსახლეობასთან -ზუგდიდი" ფოტოალბომის სახით გამოჩნდა.

ფოტოებზე მინისტრი სოზარ სუბარი, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან მერაბ ქვარაიასთან და ედიშერ თოლორაიასთან, ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატ ლაშა გოგიასთან, დეპუტატ მანანა კობახიძესთან და მმართველი პარტიის სხვა ლიდერებთან ერთადაა ასახული. ისინი ამომრჩევლებს ზუგდიდის სოფლებსა და ქალაქის სხვადასხვა უბანზე შეხვდნენ.





აღნიშნული მასალები სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე, ძირითადად, სოზარ სუბარის საკუთარი გვერდიდანაა გაზიარებული. მსგავსი შეხვედრები, რომელიც ასევე სამინისტროს ფეისბუკლის გვერდზე მოხვდა, ფოთსა და მარტვილშიც შედგა.

"ჩვენ სიმბოლურად დღეს მოვედით ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან და გამგებლობის კანდიდატთან ერთად. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ არა მხოლოდ ადგილობრივების, არამედ აქ ჩასახლებული დევნილების დასახმარებლად. ედიშერ თოლორაია არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა და აკეთებდა კიდევაც იმას, რომ საკუთარ რაიონში წამოეღო რაც შეიძლება მეტი პროექტი, რომელიც ხალხს შეუმსუბუქებდა ყოფას. გარწმუნებთ, რომ უფრო მეტს გააკეთებს ის, როგორც მაჟორიტარი. იგივე შემიძლია ვთქვა ამ ახალგაზრდა ადამიანზე, ლაშა გოგიაზე. ასე რომ, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ხვალინდელი დღე. აუცილებლად უნდა ავირჩიოთ უკეთესი მომავალი და მე ამაში ეჭვიც არ მეპარება", - ვკითხულობთ სოზარ სუბარის სიტყვებს ფოტოების ქვეშ. 






"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" ზუგდიდის ოფისში სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე სააგიტაციო მასალების გამოქვეყნებას უკანონო ქმედებად აფასებენ.

"ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით უკანონო აგიტაცია, რაც არის აკრძალული საარჩევნო კოდექსით. გარდა ამისა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონით საჯარო სამსახურის ერთ-ერთ პრინციპს წარმოადგენს არაპარტიულობა, რაც ნიშნავს, რომ მკვეთრი ზღვარი უნდა იყოს საჯარო სამსახურის ფუნქციონირებასა და პარტიულ საქმიანობას შორის. კონკრეტული სამინისტროს ფეისბუკის ოფიციალური გვერდი კი წარმოადგენს სამინისტროს საჯარო ფუნქციების განხორციელებისა და ოფიციალურ საკომუნიკაციო საშუალებას", - განუცხადა რადიო "ათინათს" ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნული ფოტოების გამოქვეყნებით შეცდომა დაუშვეს და მომავალში მსგავსი ფაქტი არ განმეორდება.


Print