არჩევნები
ოპოზიციური პარტიები: სოფელ ძველ აბასთუმანში უცხო პირები იმყოფებიან (ვიდეო)
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ძველ აბასთუმანში #31-ე საარჩევნო უბანზე სპორტული აღნაგობის უცხო პირების გადაადგილება შეინიშნება.

სოფელში უცხო პირების ყოფნას ადგილობრივებიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ისინი იქ დილიდან იმყოფებიან.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა პირადი საუბრისას აღნიშნეს, რომ საეჭვო პირები, რომლებიც სოფელში დილას გამოჩნდნენ, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან და თბილისიდან ჩამოვიდნენ.

#31-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ტარიელ გოგილავას თქმით, მას კენჭისყრის ოთახში უცხო პირები არ შეუმჩნევია და საარჩევნო პროცესისთვის რაიმე სახის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიერ უცხო პირებად მიჩნეული მამაკაცებიდან ერთ-ერთმა, ტოჩა ჯანაშიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ის თბილისიდან დეიდაშვილთან ერთად ჩამოვიდა, რომელსაც აბასთუმანში ნათესავები ჰყავს.

"ჩემთან ერთად ვინც არის, ის პროფესიით - ქირურგია, გინეკოლოგი. მოჭიდავის არც იმას ეტყობა რამე და არც მე. მოვედი ჩემს შინაურებთან და ვივლი ყოველთვის", - თქვა ჯანაშიამ.

Print