არჩევნები
სანდრა რულოვსი: "მე ვიცი, რომ გამარჯვებული ვარ"
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. განცხადება  პარტიული სიის მეორე ნომერმა ,,ოდიში ნიუსთან" გააკეთა და აღნიშნა, რომ აზრი არ აქვს არჩევნებში მონაწილეობას იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც მიმდინარეობდა კენჭისყრა.

სანდრა რულოვსი მასშტაბურ გაყალბებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველა დარღვევა სხვადასხვა ფაქტობრივი მასალებით არის დაფიქსირებული.

"უსამართლო ე.წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე მე ვთვლი, რომ არ უნდა შევიდე მეორე ტურში. ძალიან ცუდი ქურდული კრიმინალური და წნეხის პირობებია შექმნილი მთელი ზუგდიდის რაიონში, არ მინდა რომ ამ ხალხს პრობლემები ჰქონდეს. მე ვიცი, რომ გამარჯვებული ვარ და მე ზუგდიდის მაცხოვრებელს პარლამენტიდან ან სხვანაირად დავუდგები მხარში. ეს გაყალბება არა მარტო ზუგდიდში, არამედ მთელ საქართველოში იყო.

მე მიკვირს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება (გამონაკლისის გარდა), მიუხედავად იმისა, რომ უფრო და უფრო ვრცელდება ვიდეომასალები, სადაც კარგად ჩანს დარღვევების ფაქტები- გამქრალი ბიულეტენები, ერთი და იგივე ხალხი უბანში, ფოტოების გადაღება და ა.შ. ეს არის გაყალბება, რომელსაც მასშტაბებს ვერ დაუდებ, ეს იყო ყველგან.

ჩემი გამარჯვება პირველ ტურში - ეს იყო პირადი მარცხი ივანიშვილისთვის, არაფორმალური მმართველისთვის, ვინც 8 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა, რომ ,,ის ქალბატონიც კი ვერ გაიმარჯვებს ზუგდიდში''. და ეს მიიღეს, როგორც ბრძანება და ეს ბრძანება ყველანაირად უნდა შესრულებულიყო. ეს ყოვლად მიუღებელია ჩემთვის".

მიუხედავად იმისა,რომ სანდრა რულოვსმა მეორე ტურში  კანდიდატურა მოხსნა, ზუგდიდში 30 ოქტომბერს და ასევე მუნიციპალიტეტშიც არჩევნები ჩატარდება.

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, პირველ ტურში არცერთ კანდიდატს არ მიუღია გამსვლელი ხმათა რაოდენობა -50%-ზე მეტი, რა მიზეზითაც მეორე ტური ჩაინიშნა. ფორმალურად  კი სანდრა რულოვსის სახელი და გვარი ბიულეტენებში კვლავ დარჩება.


Print