არჩევნები
დომენტი სიჭინავამ არასამთავრობო სექტორს საარჩევნო პროგრამა გააცნო ®
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დომენტი (ზვიად) სიჭინავამ დღეს არასამთავრობო სექტორს საკუთარი ხედვები და საარჩევნო პროგრამა გააცნო. არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, რომ მესამე სექტორის მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თანამშრომლობა უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება.

„გუშინ საარჩევნო პროგრამა მედიას წარვუდგინე, დღეს კი არასამთავრობო სექტორთან ერთად ვიმსჯელეთ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე,რადგანაც არასამთავრობო სექტორს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში უდიდესი როლი აკისრია. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მერად ამირჩევენ, აქტიურად ვაპირებ თანამშრომლობას მათთან და სიამოვნებით მოვისმენ მათ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს“, - განაცხადა დომენტი სიჭინავამ.



„დაისვა ძალიან საინტერესო კითხვები იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ჩვენს მუნიციპალიტეტში. გვაინტერესებდა, მოგვესმინა მისი ხედვა სოციალურ, ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით და საერთოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დაკავშირებით. რა ხედვა აქვს, როგორ გადაჭრიდა იმ პრობლემებს, რომლებიც არსებობს. კარგი იქნება და დარწმუნებული ვარ, იქნება მსგავსი შეხვედრა სხვა კანდიდატებთანაც. მათ ხედვებსაც მოვისმენთ და შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს არჩევანს, იმის მიხედვით, თუ რომელი პროგრამა იქნება ჩემს ხედვებთან უფრო ახლოს“, - განაცხადა ხათუნა ბეჭვაიამ, ა/ო „თანაზიარის“ ხელმძღვანელმა.

დომენტი სიჭინავა ფართომასშტაბიან პრეზენტაციას ადგილობრივი მოსახლეობისთვის 24 სექტემბერს, ზუგდიდის კულტურის ცენტრ „ოდიშში“ გამართავს. პრეზენტაცია 19:00 საათზე დაიწყება.





Print