არჩევნები
ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბანერი ჩამოგლიჯეს
"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის ოფისის აივანზე განთავსებული სარეკლამო ბანერი ჩამოგლიჯეს. პარტიის წარმომადგენლები აღნიშნულ ფაქტს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი რამ ხელისუფლებისთვის უჩვეულო არ არის.

„დილით ასეთი მდგომარეობა დაგვხვდა. ბანერი ისეთ ადგილასაა, რომ სპონტანურად მისი ჩამოხევა უბრალო გამვლელს არ შეეძლო, შესაბამისი მოწყობილობები უნდა გქონდეს თან. ეს იყო წინასწარ გამიზნული ქმედება. ჩევნი პლაკატები ადრეც იყო ჩამოხეული, თუმცა ვთვლიდით, რომ ამ ფაქტებისთვის ყურადღება დიდად არ მიგვექცია. ეს არის ვანდალიზმი და ასეთი გამოუძიებელი ფაქტების მომსწრეები ვართ, ეს აპრობირებული მეთოდია „ქართული ოცნებისთვის“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ქებურიამ.

თავის მხრივ, აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ მმართველ პარტიაში. ლაშა გოგიას სააარჩევნო შტაბის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტების გარეშე მსგავსი რამის ხელისუფლებისთვის დაბრალება არაკომპეტენტურობის ნიშანია.

„პლაკატების ჩამოხევა არის ვანდალიზმი, მიმართონ შესაბამის უწყებებს გამოძეიბასთან დაკავშრიებით. ასევე ვანდალიზმია, ყველაფერი ხელისუფლებას გადააბრალო, ეს უვიცობის და არაკომპეტენტურიობის მაჩვენებელია. ჩვენს პლაკატებსაც ხევენ, მაგრამ დამადასტურებელი ფაქტების გარეშე არავის არაფერს ვაბრალებთ“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ევროპული საქართველო" ბრიფინგის გამართვას გეგმავს.
Print