არჩევნები
ოპოზიციური პარტიების ბრალდებები მმართველი ძალის მიმართ და „ქართული ოცნების“ პასუხი (ვიდეო)
„ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო პლაკატებისა და ბანერების ჩამოხევაში ადანაშაულებენ. ამასთან დაკავშირებით ორივე ოპოზიციური პარტიის ოფისში ბრიფინგები გაიმართა.

ზუგდიდის მერობის კანდიდატის ლელა ქებურიას თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ შტაბიდან რვაკაციანი ჯგუფი გამოვიდა, რომელმაც ბაზრის შესასვლელთან ყველა ოპოზიციური პარტიის პლაკატები ჩამოხია. პარტიაში ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, ეს ის ადამიანები არიან, ვინც მათ ოფისთან ბანერი ჩამოგლიჯეს.

„ევროპულმა საქართველომ“ აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციას უკვე მიმართა.



„პოლიცია იყო მოსული და ყველა ღონისიება ჩაატარა, რომელიც საჭიროა, თუმცა მსგავსი ფაქტების გამოძიების პრეცედენტი არ არსებობს. კამერების ჩანაწერების ამოღება შესაძლებელია და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, მარტივად შეუძლიათ, ეს საქმე გამოიძიონ. წუხანდელი ფაქტი არის კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია. მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, რომ ერთხელ მაინც დადგეს პრეცედენტი, რომ მსგავსი ძალადობა არ შეიძლება იყოს დაუსჯელი“, - აღნიშნა ლელა ქებურიამ.

„ენმ“ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდორმარემ და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ანი წითლიძე სამართალდამცავებს მიმართავს და დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. მისი ინფორმაციით, ოპოზიციონერი კანდიდატებისა და დამოუკიდებელი კანდიდატის პლაკატები „ქართული ოცნების“ ახაგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ჩამოხიეს.



„მათ ჰქონდათ პირბადეები წარწერით „ქართული ოცნება“, ასევე სახეზე ამოიცნეს გიორგი ტიბუა. ლაშა გოგიასგან მსგავსი ფაქტები არაა გასაკვირი. „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას ძალადობით აწარმოებს. მაგალითად, ერგეტაში, ჩვენი შეხვედრის დროს, პერიმეტრზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დადიოდნენ და შემდეგ ამ ადამიანებს უთხრეს, რომ ჩვენთან შეხვედრის შემთხვევაში, პრობლემები შეექმნებოდათ. გოგია დაშინებულია, რახან ასეთ მეთოდებს მიმართავს“, - განაცხადა წითლიძემ.

ბრალდებებს უპასუხეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში. შტაბის უფროსის მოადგილის, მაიზერ ნანავას თქმით, ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი დავალებები ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შტაბიდან არ მიუღიათ.



„პლაკატების ჩამოხევა არის ვანდალიზმი და სიტყვებიც არ მაქვს ახლა, როგორ დავგმო ეს ფაქტი, ჩვენი პლაკაეტიც ჩამოხეულია, თუმცა არ გვაქვს ფაქტები და არავის ვაბრალებთ. რაც შეეხება ტიბუას, ის ამას არ გააკეთებდა, რადგან ასეთი დავალება მას შტაბიდან არ მიუღია“, - თქვა ნანავამ.



ზუგდიდში, "ევროპული საქართველოს" ადგილობრივ ოფისში პარტიის სარეკლამო ბანერი წუხელ ჩამოგლიჯეს. მიმდინარეობს გამოძიება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბანერი ჩამოგლიჯეს
Print