არჩევნები
„შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა“ – „ევროპული საქართველო“ ზუგდიდში აქციას გამართავს (ვიდეო)
"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ პარტიის ადგილობრივი ოფისის წინ ბრიფინგი გამართა და 17 ოქტომბერს აქცია-მსვლელობა დაანონსა. მისი განცხადებით, აქციის „შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა“ მთავარი მოთხოვნაა, რომ ზარალი აღირიცხოს და მოსახლეობას მისცენ მინიმალური კომპენსაცია.

„ჩვენ 4100 ხელმოწერა კომპენსაციის მოთხოვნით წარვადგინეთ მთავრობის კანცელარიაში, თუმცა ბიუჯეტის პროექტის განხილვამ ცხადყო, რომ ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს ზარალზე, რაც რეალურად მიადგა მოსახლეობას. ეს კი ადგილობრივი ხელისუფლების გულგრილობაზე მიანიშნებს“, - განაცხადა ქებურიამ.



მისივე თქმით, აქცია-მსვლელობით სწორედ მთავრობის უმოქმედობას გააპროტესტებენ.

ქებურიამ ასევე დასძინა, რომ ზარალის აღრიცხვა არც სოფლის მეურნეობის და არც ფინანსთა სამინისტროს არ დაუწყია და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ინფორმაცია ზარალის შესახებ უტრირებულია.

აქციის მონაწილეები მსვლელობით მეორე საჯარო სკოლიდან დაიძვრებიან  და მერიასთან მივლენ, სადაც "ევროპული საქართველოს" საკუთარ მოთხოვნებს გააჟღერებს.
Print