არჩევნები
დომენტი სიჭინავა: მიდით არჩევნებზე, თავად გადაწყვიტეთ თქვენი მომავალი
„არ აქვს მნიშვნელობა, ვის მისცემთ ხმას, მთავარია, მიხვიდეთ არჩევნებზე და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია საარჩევნო ბიულეტენში. ამით, თქვენ მინიმუმ ხელს შეუშლით არჩევნების შედეგების შესაძლო გაყალბებას. გამოდით 21 ოქტომბერს და თავად გადაწყვიტეთ თქვენი მომავალი“, - ამ სიტყვებით მიმართა დღეს სოფელ შამგონაში შეკრებილ ამომრჩევლებს ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი სიჭინავამ.

შეხვედრაზე ის შამგონელებს საკუთარი საარჩევნო პროგრამის და გეგმების შესახებ ესაუბრა. დომენტი სიჭინავას განცხადებით, ერთად დგომით უნდა დაიძლიოს ის პრობლემები და გამოწვევები, რომლის წინაშეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დგას.

შამგონელების თქმით, ხელისუფლებას მოსახლეობა და მათი პრობლემები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება.

შეკრებილების თქმით, ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი მათთვის მისაღებია, რადგან, მათივე განცხადებით, სიჭინავა არა დაპირებებით, არამედ კონკრეტული სამოქმედო გეგმით მოდის.



„საინტერესო პიროვნებაა, დიდი გამოცდილებით და სუფთა წარსულით. უშუალო ადამიანია, შეუძლია ყველას თანაბრად ესაუბროს. მთელი სოფელი გვერდში დაუდგება მას და მხარს დავუჭერთ დომენტი სიჭინავას. გვჯერა, რომ ის ამომრჩევლებს არასდროს არ დაემალება და მერად არჩევის შემდეგ, საკუთარ კაბინეტში არ გამოიკეტება. ის არ დაემალება ზუგდიდელებს და უკანა კარიდან არ ეცდება გაპარვას. მთავარია, ყველა ერთად დავდგეთ, მივიდეთ საარჩევნო უბნებთან, რადგან „ცუდ მთავრობას ირჩევენ ის კარგი ადამიანები, ვინც არჩევნების დღეს შინ რჩებიან“, - განაცხადა მერობის დამოუკიდებელ კანდიდატთან შეხვედრისას შამგონის მკვიდრმა, ვარლამ ბოკუჩავამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

®



Print