არჩევნები
ნუ დარჩები სახლში, გააკეთე არჩევანი - დომენტი სიჭინავამ წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა
21 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი თავის არჩევანს გააკეთებს და ახალ მერს აირჩევს. ადამიანს, რომელიც მომავალში სწორედ მათ დაკვეთებს შეასრულებს და ანგარიშვალდებული იქნება თავის მოსახლეობასთან ისე, როგორც აქამდე არ ყოფილა.

წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ყველა პირდება, რომ მათ გზებს დაუგებენ, კანალიზაციას გაიყვანენ, სახლის სახურავებს გადაუხურავენ, ათი ათასობით სამუშაო ადგილს შექმნიან, შემდეგ კი რბილ სავარძელში მოთავსებულს და კომფორტულ მანქანაში მსხდომთ ავიწყდებათ, ვინ აირჩიათ, ვინ უხდის ხელფასს და ძვირადღირებული ავტომობილიდან რთული ხდება იმ უზარმაზარი პრობლემების გათავისება, რაც დღეს ხალხს აქვს.

მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო კამპანია დავიწყე, არაერთხელ აღვნიშნე, რომ არ ვიცოდი კიდევ კარგად, თუ რა პირობებში უწევს ხალხს ცხოვრება და არსებობა. ამიტომ, მე უარი ვთქვი წინასაარჩევნო კონცერტებზე. როდესაც უჭირს შენს მოსახლეობას, შენ ვერ დაიწყებ ცეკვას. როცა შენს ამომრჩეველს, მას, ვინც ხელფასს გიხდის, შენთან საუბარი სურს, მას აქცია არ უნდა სჭირდებოდეს იმისთვის, რომ შენთან, არჩეულ ხელისუფალთან მოვიდეს სალაპარაკოდ.

მე არ ვიძლევი დაპირებებს, მაქვს კონკრეტული გეგმები, რომელსაც განვახორციელებ ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ სოციალური ფონი დღითი დღე გაუმჯობესდეს ჩვენს მუნიციპალიტეტში. შეიქმნას საინვესტიციო გარემო და სამუშაო ადგილები. გეუბნებით, მე არ განვასხვავებ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით, კანის ფერით, სექსუალური ორიენტაციითა და ნათესაური კავშირებით, უნდა მივცეთ პროფესიონალებს დასაქმების საშუალება. შევკვეცოთ გაბერილი ბიუროკრატიული ხარჯები, უარი ვთქვათ პრემია/დანამატებზე და ამით სხვა ადამიანებს ცხოვრების შემსუბუქების შანსი მივცეთ.

21 ოქტომბერს, არ დარჩეთ სახლებში. გააკეთეთ სწორი არჩევანი. არჩევანი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, არჩევანი ცვლილებებისთვის, პერსპექტივისთვის.

იმედი მაქვს, რომ არჩევნები მშვიდ და ცივილურ გარემოში ჩაივლის. არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენ ყველანი ზუგდიდში ვიქნებით და არ უნდა შეგვრცხვეს ერთმანეთის თვალებში ჩახედვის.

გისურვებთ მშვიდობიან არჩევნებს და მოწიგოდებთ - ნუ დარჩები სახლში, გააკეთე არჩევანი!

®
Print