არჩევნები
„შენების მოძრაობა“: ზუგდიდში დევნილების მოსყიდვას ცდილობენ
„შენების მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს არჩევნებზე წასვლისკენ და მმართველი გუნდისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ, სანაცვლოდ კი, გარკვეულ თანხას სთავაზობენ. მაია ღურწკაიას მტკიცებით, აღნიშნულის ამსახველი ვიდეო მასალაც არსებობს.  მისივე ცნობით, #90-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმას მხოლოდ იძულებით გადაადგილებული პირები აძლევენ, რამდენიმე ადგილობრივი ამომრჩეველი დაფიქსირდა.

„მე აქ თითოეულ ამომრჩეველს ვიცნობ. შემიძლია გითხრათ, რომ ვხედავ დევნილთა წარმომადგენლობის თანამშრომელსაც, რომელმაც საკუთარი მანქანით მოიყვანა ამომრჩევლები. გარდა ამისა, მეექვსე უბანზე გამგეობის ერთ-ერთი თანამშრომელი ხმის მიცემას მეორედ ცდილობდა. მას მარკირება უკვე გაკეთებული ჰქონდა. ჩვენი პროტესტის შემდეგ კი ამის საშუალება აღარ მიეცა“, - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ღურწკაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და პარტიებს მოუწოდებენ, მხოლოდ ფაქტებს დაეყრდნონ.

ცნობისთვის, მაია ღურწკაია მაცხოვრისკარის უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

Print