ახალი ამბები
ცესკოს შემადგენლობა უახლოეს მომავალში შეიცვლება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების მომდევნო დღიდან საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობაში ცვლილებები შევა. ძალაში შედის  პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე ხდება დამოკიდებული. შესაბამისად, ყველა დონის საარჩევნო კომისიაში წევრი მხოლოდ იმ სუბიექტებს ეყოლება, რომელთაც პარლამენტის მანდატები მიიღეს და საპარლამენტო ფრაქცია შექმნეს.

გარდა ამისა, პარტიების მიერ დასანიშნი წევრების რაოდენობა შვიდიდან 6 წევრამდე შემცირდა. მათგან ცესკოში სამი ”ქართულ ოცნებას” ეყოლება, ხოლო თითო წევრს ”ნაციონალურ მოძრაობა”, ”ევროპული საქართველო” და ”პატრიოტთა ალიანსი” დანიშნავს.

აქამდე მოქმედი წესით, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნა პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსების ოდენობაზე იყო დამოკიდებული, რაც პარტიას ერთ წევრზე მეტის დანიშვნის შესაძლებლობას არ აძლევდა.

ამჟამად 13-კაციან ცესკოში პარტიული კვოტით შვიდი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელია დანიშნული. ახალი წესითა და შემადგენლობით ცესკო არჩევნების შემაჯამებელი ყველა ოლქის გამოქვეყნების შემდეგ დაკომპლექტდება.

Print