არჩევნები
მარტვილის 65-ე ოლქში არჩევნები ექსცესების გარეშე გაიხსნა
მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქის 39-ვე უბანი დროულად და დარღვევების გარეშე გაიხსნა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით, მარტვილში სულ 31 531 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

"ჯერჯერობით, არ არის არანაირი საჩივარი. ყველა უბანში დაფიქსირდა პირველი ამომრჩეველი", - აღნიშნა ბართაიამ.

დღეს მარტვილში მერის პოზიციაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა იყრის კენჭს. რაც შეეხება ენმ-ის კანდიდატს მამუკა დანელიას, მან მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა ის, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ბიულეტენზე მაინც არის აღნიშნული.

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ცესკოს მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 49,76% მიიღო. მეორე ადგილზე კი ენმ-ის კანდიდატი მამუკა დანელია გავიდა 35,81%-ით.

Print