ახალი ამბები
ენმ: ზუგდიდის საოლქო კომისიის წევრები არჩევნების გასაყალბებლად ემზადებიან (ვიდეო)
ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ანა წითლიძე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, კომისიის ხუთივე წევრს „ქართული  ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ნათესაური კავშირი აქვთ, ან თავად არიან მმართველი პარტიის წევრები.

„ზუგდიდში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, არჩევნებს ატარებს თამარ ჟვანია და „ქართული ოცნება“. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი არის ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შვილის ნათლია, მესხის მოადგილის ნანა ოყუჯავა ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას შვილის ნათლიაა, ნანა შენგელია მერაბ ქვარაიას ნათესავია, ნანა გოგინავა, რომელიც ერთ-ერთი ააიპ-ის თანამშრომელია, მერის მოადგილის მაიზერ ნანავას რეკომენდაციითაა დანიშნული. ხათუნა დავიანტიც მერიის მაღალჩინოსნის ნათესავია, ლელა ლაშხიაც „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელია. თითოეული მათგანი წარმოადგენს მხარეს და ატარებს „ქართული ოცნების“ ინტერესებს.  ჩვენ ვითხოვთ მათ გადადგომას, რადგან ისინი გაყალბებისთვის ემზადებიან, თუმცა ამის საშუალებას არ მივცემთ“, - ამბობს წითლიძემ.

ენმ საოლქო კომისიების ნეიტრალური ადამიანებით დაკომპლექტებას ითხოვს.

თავის მხრივ, ბრალდებებს უარყოფს 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი. ის თამარ ჟვანიასთან ნათესაურ კავშირს არ უარყოფს, თუმცა დასძენს, რომ ეს მის სამსახურთან კავშირში არ არის.



„საოლქო საარჩევნო კომიისის შემადგენლობაში ნათესაურ კავშირებს არ ვარკვევ. ზუგდიდი პატარა ქალაქია და ყველა ერთმანეთის ნათესავია. 2016 წელს ეს კომისია აირჩა სახელობითი კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით. რაც შემეხება მე, ამ სფეროში ვარ 2010 წლიდან, და აქ მხოლოდ ჩემი პროფესიონალიზმის გამო ვმუშაობ. ხუთივე წევრი დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებაში და ეს არის უბრალოდ ჩვენ წინააღმდეგ აგორებული კამპანია“, - უთხრა ჟურნალისტებს მესხმა.

საპრეზიდენტო არჩევნები მთელ საქართველოში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.
Print