არჩევნები
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას ერთ-ერთი წევრისთვის ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  ზუგდიდის საოლქო საარჩევო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს კომისიის

ერთ-ერთი წევრისთვის საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. ყოფილი მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, მათი პარტიის წარმომადგენელს მირანდა გოგოხიას  არ მიაწოდეს ინფორმაცია დღევანდელი სხდომის შესახებ, რომელზეც უბნებზე ცესკოს წარმომადგენლები უნდა დაინიშნონ.

„კომისია გახდა ჩვეულებრივი პარტიული ორგანიზაცია და ქართული ოცნების დანამატი. დღეს დავწერე საჩივარი იმაზე, რომ კომისიის თავმჯდომარე ერთ-ერთ წევრს უმალავს ინფორმაციას სხდომის შესახებ“,- თქვა წითლიძემ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ საუბნო კომისიებში ცესკოს წარმომადგენლებად საჯარო მოხელეების და საოლქო კომისიის თავმჯდომარის ნათესავების დანიშვნა მმართველი პარტიისთვის არჩევნებზე დამატებითი ბერკეტი იქნება.


ანა წითლიზე

„მეორე საჩივარი კი დავწერე სიებზე, რომელიც საჯარო მოხელეებით არის დაკომპლექტებული, მათ შორის არის მირანდა მესხის ნათესავი. ეს ადამიანები არიან დამატებითი ადმინისტრაციული რესურსი საუბნო კომისიებში. ეს ადამიანები ინიშნებიან იმისთვის, რომ აკონტროლონ უბნის თავმჯდომარეები, მოადგილეები და წევრები“,- ამბობს ის.

წითლიძის ბრალდებებს 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უპასუხა. მან ოლქის წევრისთვის ინფორმაციის დამალვა უარყო და განმარტა, რომ დილის ათ საათზე ერთ-ერთი კომისიის წევრი, რომელიც ადგილზე იყო დააუწყა და სწორედ მას სთხოვა ინფორმაციის გავრცელება.

„არაფერი დამალული ინფორმაცია არი იყო. ადგილზე ვიყავით მე და ჩემი მოადგილე. ასევე, ჩვენთან იყო კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ვთხოვე, რომ გაევრცელებინა ინფორმაცია. საჩივრები კი შეიძლება დაიწეროს, მაგრამ რა შედეგი დადგება, ეს არის მთავარი“, - აღნიშნა მესხმა.


მირანდა მესხი

რაც შეეხება საუბნო კომისიებში ცესკო-ს წარმომადგენლების დანიშვნას, სადაც  საჯარო მოხელეებსა და ნათესავებზეა საუბარი, მესხმა თქვა, რომ ყველა ყველას ნათესავია, თუმცა ისინი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად შეირჩნენ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილებს.


 

Print