არჩევნები
გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში ამომრჩევლებს შეხვდა (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდა. ვაშაძემ შეკრებილებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და სლოგანი ძალა ერთობაშია მეგრულად გააჟღერა „ძალა ართობუას რე“. მან აღნიშნა, რომ სამეგრელოს მოსახლეობამ, 90-იანი წლების დროსაც კი შეინარჩუნა ღირსება და ხალხის სიყვარული.


„გაუტეხელი ხალხი ხართ თქვენ,ჩვენი ქვეყნის გაუტეხელი პატრიოტები და მუდამ იმ გზაზე იდექით , რომელიც ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ დაგვიტოვეს. აქ დაიწყო ის რაც, 2004 წლიდან 2012 წლამდე, ღვთისგან დავიწყებული გეოგრაფიული ერთეული სახელმწიფოდ გადაიქცა, რასაც ვარდების რევოლუცია დაარქვეს მაშინ. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ჩვენ ამ რეფორმებს“, - თქვა მან
.
alt

პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი საარჩევნო პროგრამის შესახებაც ისაუბრა და ამომრჩევლებს უთხრა, რომ პენსიას 400- ლარამდე, ხოლო პედაგოგების ხელფასს 1000-მდე გაზრდის. მისვე თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის გააუქმებს პოლიტიკურ  პოლიციას.

„ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას. რუსული ჩექმა და  მავთულხლართები ჩვენს მიწაზე არ იქნება. სანამ ამას გავაკეთებთ. დევნილები იცხოვრებენ ღირსეულად, ჩვენ ვიქნებით მათი ინტერესების დამცველი. დავაკმაყოფილებთ საცხოვრებელი ფართით, მიწებით და გაზრდილი სოციალური დახმარებით. განათლება,ჯანდაცვა და თავდაცვა, ის სამი ბოძი, რომელზეც სახელმწიფო უნდა იდგეს. დავაბრუნებთ ემიგრანტებს, შევქმნით სამუშაო ადგილებს, განვაახლებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.  400 ლარიან პენსიას, ხოლო პედაგოგებისთვის 1000-იან ხელფასს დავაწესებთ, იმიტომ რომ ესეც ჩვენი ღირსების საქმეა“, - უთხრა ამომრჩევლებს ვაშაძემ.

შეხვედრაზე სიტყვით გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების ლიდერები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი გამოვიდნენ.  მან მოსახლეობას 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
alt
„არავინ არ დარჩეთ სახლში, მოკიდეთ მეგობრებს, მეზობლებს და ახლობლებს ხელი, ერთად მოდით არჩევნებზე და აუცილებლად გადაარჩინეთ ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთი კვირა და გადავლახოთ ეს ტერორი, შიში. ყველა მეკითხება როდის ჩამოდისო მიშა. მიშა ჩამოსვლის ხასიათზეა მეც მინდა და მას არანაკლებად, რომ ჩვენ ქორწინების 25 წლის თავი, რომელიც 17 ნოემბერს გვაქვს აქ ზუგდიდში ავღნიშნოთ, ღმერთმა ქნას მშვიდობიანად უპრობლემოდ ჩამოვიდეს“, - თქვა სანდრა რულოვსმა.

შეხვედრა დადიანების სასახლის ეზოში გაიმართა და მას რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

Print