არჩევნები
თემურ შაშიაშვილი: ვიწვევ იმავე ტელევიზიებს, რომელიც ივანიშვილმა მოიწვია (ვიდეო)
პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი სამ ტელევიზიას "რუსთავი 2"-ს, ტელეკომპანია "იმედს" და "ტვ პირველს" საკუთარ ოფისში იწვევს, რომ მათი საშუალებით ამომრჩევლებს საკუთარი პროგრამა გააცნოს. ეს განცხადება მან ზუგდიდში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა. შაშიაშვილის თქმით, მან ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა, რომ კანდიდატებისთვის საეთერო დრო ეყიდა, თუმცა მისგან პასუხი ვერ მიიღო.

„ეს არჩევნები დემოკრატიული არ არის. სატელევიზიო სივრცე გაივსო პრივილეგირებული კანდიდატებით და ამ კანონის წყალობით, არაპრივილეგილებულ კანდიდატებს არ გვაქვს საშუალება, რომ ჩვენი სათქმელი ვუთხრათ ხალხს. როგორც დავინახეთ, ბიძინა ივანიშვილი ამას არეგულირებს. კანონმდებლობა უკუღმართია და ივანიშვილს შეეძლო, ეყიდა საეთერო დრო და მოეცა ჩვენთვის საშუალება ეთერში გასვლის, რომ ხალხს დავანახოთ, ვინ ვინ არის“, - აღნიშნა შაშიაშვილმა.



გარდა ამისა, შაშიაშვილმა აღნიშნა, რომ კანდიდატებს დებატების საშუალებაც უნდა ჰქონოდათ. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მან საქართველო შემოიარა და კარგად იცის საზოგადოების განწყობაც.

„თუ ივანიშვილს შეუძლია მოიწვიოს ტელევიზიები, მეც, როგორც კანდიდატი პრეზიდენტობის, ვიწვევ ამ სამივე ტელევიზიას ზეგ, რომ გავაცნო, რას ფიქრობს ხალხი და რა აზრის არიან ადამიანები“, - აღნიშნა შაშიაშვილმა.

თემურ შაშიაშვილი საკუთარ მხარდამჭრებს კულტურის ცენტრ "ოდიშში" შეხვდა. კანდიდატმა ჟურნალისტები სწორედ ამ განცხადების გასავრცელებლად მიიწვია.
Print