არჩევნები
კუკავას მხარდამჭერები ზუგდიდში: ამოსავალი წერტილი მისი ქართველობაა (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერები და პარტიის წევრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ ის არგუმენტები ჩამოაყალიბეს, რის გამოც მხარს სწორედ კახა კუკავას უჭერენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის „სახალხო ტრიბუნების“ წარმომადგენლის თინათინ უზარაშვილის თქმით, მთავარი მიზეზი კუკავას მიერ „უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა“ და მისი „ქართველობაა“.
 
„უპირველესი ამოსავალი წერტილი მისი მართლა ქართველობაა, ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაზრდილი ადამიანია, განათლებული და გამოცდილი, რომელიც ამ ღირებულებებს აფასებს, თუმცა განსხვავებული შეხედულებებისადმი რადიკალური დამოკიდებულება არ აქვს“, - აღნიშნა უზარაშვილმა.


alt

მისივე თქმით, კუკავა ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც მიგრაციის პრობლემაზე საკუთარი ხედვა გააჩნია და გაჭირვებული ოჯახების მდგომარეობა გულთან ახლოს მიაქვს. ამის დასასაბუთებლად მხარდამჭერმა კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა.



კახა კუკავას მომხრეებს შეკითხვები დაუსვა „თანასწორობის მოძრაობის „ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ცაბუნია ვართაგავამ. ის დაინტერესდა, რა დამოკიდებულება აქვს კუკავას ლგბტ თემის მიმართ, რაზეც პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ზურაბ ჯინჯოლავამ თქვა, რომ მას კონკრეტული ხედვები აქვს, რომელიც ჰომოფობიურ მიდგომას არ გულისხმობს.

გარდა ამისა, ვართაგავამ იკითხა, რატომ გადააკრეს წარწერას „რუსეთი ოკუპანტია“ კახა კუკავას პლაკატები, რაზეც ჯინჯოლავამ განმარტა, რომ აღნიშნულის შესახებ არაფერი იცოდა და საკითხით დაინტერესდება.

alt

შეხვედრაზე იმყოფებოდა სამოქალაქო აქტივისტი თეონა ქარდავა, რომელიც, მისივე თქმით, კუკავას თანამებრძოლი იყო, თუმცა არჩევნებში მას მხარს არ უჭერს.

„ვარჩიე ვყოფილიყავი თავშეკავებული, რადგან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გააკეთა კონკრეტული განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ქართველების საკუთარ სახლებში დაბრუნების შესახებ“, - დასძინა ქარდავამ.

დღესვე „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა სივრცე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებსაც დაუთმო. ხვალ ამავე ცენტრში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დავით ბაქრაძის პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს მოუსმენენ.



Print